English / ქართული / русский /
ნანა კირვალიძესოფიო მაჭარაშვილი
უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზარი: წარმოების დინამიკა, ასორტიმენტის სტრუქტურა, პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურა და ფასწარმოქმნა, ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები, საწარმოების რაოდენობა. აღნიშნულია, რომ ლიდერი კომპანიები უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად იყენებენ ბუნებრივ მასალებს. ამიტომ ამ პროდუქციის თვითღირებულებაში 70% არის დანახარჯები ნედლეულზე, ხოლო მინერალური წყლები უნიკალურია სამკურნალო თვისებებით.

უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4,1-5,8%-ს შეადგენს. საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების მოხმარებას ზრდის ტენდენცია აქვს, რაც გამოწვეულია მზარდი ტურისტული ინდუსტრიითაც. ბაზრის მოცულობის 60-63% ათვისებული აქვს კოკა-კოლას და პეპსიკოს პროდუქციას, ხოლო 40%-მდე ლომონათს.

სტატიაში განხილულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგები.

ავტორები ასევე საუბრობენ უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზრის განვითარების ღონისძიებებზე.

საკვანძო სიტყვები: უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზარი, წარმოება, თვითღირებულება, მოხმარება, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, მომხმარებელთა გამოკითხვა, სტრატეგიული  მიმართულებები. 

შესავალი

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარება გულისხმობს კონკურენტუნარიანი საწარმოების და პროდუქციის არსებობას და მიწოდებას როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ხილის, სუფთა სასმელი წყლის, მინერალური წყაროებით მდიდარ ქვეყანაში აღდგა და განვითარდა ტრადიციული დარგი, რომლის პროდუქცია აღტაცებას იწვევს ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. იგი უნდა განვითარდეს ისეთი მასშტაბებით, რომ დაიჩრდილოს ტრანსეროვნული ფირმების პროდუქცია. შეიქმნას მეტი ცნობილი სავაჭრო მარკა, მოხდეს მათი პოპულარიზაცია და ხაზგასმა იმ უპირატესობისა, რითაც გამოირჩევა ქართული უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები კონკურენტი პროდუქციისაგან, ათვისებული იყოს საერთაშორისო ბაზრები, დასახული და განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც წარმატებებს განაპირობებს. 

* * *

საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების წარმოებას დიდი ტრადიციები აქვს. ფირმა „ლაღიძის წყლები“ 1887 წელს დაარსდა და 130 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე, ხოლო მინერალური წყალი „ბორჯომის“ სამრეწველო ჩამოსხმა 1890 წელს დაიწყო. უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების წარმოებაში მიღწეულ წარმატებებს შემდეგი გარემოებები განაპირობებდა: მეხილეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება, უნიკალური ტექნოლოგია, სუფთა სასმელი წყალი, სამკურნალო წყაროების სიუხვე, მათი იშვიათი შემადგენლობა და თვისებები.

საბაზრო მექანიზმის დანერგვის კვალობაზე საქართველოში მრავალი არარენტაბელური და არაკონკურენტუნარიანი დარგი და საწარმო განადგურდა, უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბრენდები დარჩა.  მათ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო ბაზარზე.

2013-2017 წლებში საქართველოში მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებას ზრდის ტენდენცია აქვს და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს (2017 წლის მონაცემებით) (ცხრილი 1). ზრდის ტენდენცია აქვს ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების წარმოებისათვის საჭირო კულტურების მოყვანასაც, რომელიც უალკოჰოლო სასმელების ნედლეულია.

ცხრილი 1

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი და მ.შ. მინერალური წყლების

და     უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში შექმნილი დამატებითი ღირებულება

2013-2017 წლებში[1]

მლნ ლარი

 

2013

2014

2015

2016

2017*

 

მთლიანი შიდა პროდუქტი

საბაზრო ფასებში

26847,7

29150,5

31755,6

34028,5

38042,2

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

108,6

108,9

107,2

111,8

მ.შ. ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების წარმოებისათვის საჭირო კულტურების მოყვანა

413,7

476,3

499,4

493,0

560,5

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

115,1

104,8

98,7

113,7

მ.შ. მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების წარმოება

211,2

275,3

278,1

279,3

310,6

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

130,4

101,1

100,4

111,2

ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი 116 საწარმო. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ლიდერი კომპანიებია: ლაღიძის წყალი, კოკა-კოლა, ყაზბეგი, ნატახტარი, ზედაზენი, კასტელი, პეპსიკო, ზანდუკელი. მათ გვერდით არსებობს ბევრი მცირე საწარმო. ლიდერი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვანია. ამზადებენ პროდუქციას ყველა გემოვნების მომხმარებლისათვის. უალკოჰოლო სასმელების (ლიმონათი) არომატიზებისათვის იყენებენ მსხლის, ტარხუნის, ატმის, ჟოლოს, ლიმონის, ფორთოხლის, ბროწეულის, ვაშლის და სხვა ხილის, კენკრისა და ნაღებისაგან დამზადებულ ვეჟინებს. პროდუქცია მზადდება გაზირებული და უგაზო, შაქრით და უშაქრო. ჩამოსხმა ხდება მინის, პლასტმასის და მუყაოს ერთჯერად ჭურჭელში. ლიდერ ფირმებს შორის კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს საქონლის მახასიათებლებით: ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის, პროდუქციის ხარისხის, სავაჭრო მარკის გავლენის და პრესტიჟულობის, გაყიდვის არხების, გასაღების სტიმულირების, ფასების დონის მიხედვით და სხვა. ლიდერ კომპანიებში უალკოჰოლო სასმელები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულის და ხარისხიანი დამხმარე მასალებისაგან. ნედლეულსა და დამხმარე მასალებს იძენენ როგორც საქართველოში მეხილეებისაგან, ასევე ბელორუსის, ირლანდიის, არგენტინის, სინგაპურის, ბელგიის და სხვა ფირმებიდან.

საქართველოში წარმოებულმა უალკოჰოლო სასმელებმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე, იყოს კონკურენტუნარიანი, აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ხილისაგან მიღებული ვეჟინების და დამხმარე მასალების გამოყენება. მაგრამ მცირე საწარმოები და ზოგიერთი ლიდერი კომპანია ბაზარს მიაწვდის ესენციებზე დამზადებულ პროდუქციას. ეს სრულიად დაუშვებელი დამოკიდებულებაა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების საკითხისადმი. ისინი უგულებელყოფენ იმ უპირატესობას, რაც ლიმონათს გამოარჩევს სხვა ალკოჰოლური სასმელებისაგან. საქართველოში დამზადებული ლიმონათის ძლიერებას და ვარგისიანობას მასში არსებული ნატურალური (ხილის და კენკრის) არომატიზატორის არსებობა განაპირობებს.

ლიდერი კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მიერ წარმოებული ბრენდებია: კოკა-კოლა, ფანტა,  სპრაიტი, ბერნი, ფიუს თი, ბონაქუა, შვეფსი, კაპი. ეს კომპანია 1996 წელს დაარსდა საქართველოში. როგორც ცნობილია, 2011 წელს საერთაშორისო კომპანია „კოკა-კოლა“-ს თავის რეცეპტში საღებავად 4-მეთილიმიდაზოლის (4-MEI) გამოყენება აეკრძალა კანცეროგონების გამო.

მინერალური წყალი „ბორჯომი“, „ლიკანი“ „საირმე“ უნიკალურია მსოფლიოში სამკურნალო თვისებებით. მინერალური წყლების მწარმოებელ ფირმებში თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვამ გაზარდა ქართული მინერალური წყლების საექსპორტო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია ბაზრის გასაფართოებლად.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების წარმოების დინამიკა საქართველოში (ცხრილი 2).

ცხრილი 2

საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების წარმოება

2013-2017 წლებში[2]

 

2013

2014

2015

2016

2017*

უალკოჰოლო სასმელები

ათასი დეკალიტრი

18955,1

22269,8

21872,0

20514,8

16882,3

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

117,5

98,2

93,8

82,3

უალკოჰოლო სასმელები

ღირებულებაში (ათ. ლარი)

193192,3

227828,3

233789,6

234327,2

210529,2

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

117,9

102,6

100,2

89,8

მინერალური წყალი

ათასი დეკალიტრი

21208,4

24465,0

20301,1

19911,0

17040,2

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

117,9

102,6

100,2

89,8

მინერალური წყალი

ღირებულებაში (ათ. ლარი)

229480,1

288269,5

226018,1

221347,7

198388,8

%-ად წინა წელთან შედარებით

100,0

125,6

78,4

97,9

89,6

 

იგი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების საწარმოების მიერ მიღებული წარმატებები დიდია. ე.ი. შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს საერთაშორისო ფირმები.

უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ხვედრითი წილი საკვები პროდუქციის (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს მთლიან წარმოებაში საანალიზო პერიოდში (2013-2017) 11-16%-ია.

საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელები მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჯილდოს მფლობელია. 2017 წელს მოსკოვში ჩატარებული კვების პროდუქტების და სასმელების საერთაშორისო კონკურსზე ფირმა ლაღიძის ტარხუნის და ფორთოხლის ლიმონათს მიენიჭა ოქროს მედალი. 2004 წელს მოსკოვში ჩატარებულ კონკურსში  წლის საუკეთესო უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების გამოსავლინებლად ვერცხლის მედალი დაიმსახურა ფირმა „ყაზბეგის“ ცივმა ჩაიმ კომშით.

უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ფასების პოლიტიკა მოქნილია, ფასწარმოქმნა ხდება საწარმოო ხარჯების გათვალისწინებით. ითვალისწინებენ კონკურენტების ფასებს. ერთი ლიტრი უალკოჰოლო სასმელის ფასი 1-1,8 ლარია, ხოლო მინერალური წყლების 1-1,2 ლარი. უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების თვითღირებულების სტრუქტურა მოცემულია  1 ნახაზზე.

 

ნახ. 1. უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების

თვითღირებულების სტრუქტურა 

როგორც ნახაზიდან ჩანს, თვითღირებულების 70%-ს შეადგენს დანახარჯები ნედლეულსა და ტრანსპორტირებაზე. საქართველოში უალკოჰოლო სასმელებსა და მინერალურ წყლებზე მიწოდება აღემატება მოთხოვნას. ერთ სულ მოსახლეზე უალკოჰოლო სასმელების მოხმარება 85-87 ლიტრია წელიწადში და ზრდის ტენდენცია აქვს. მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ტურიზმის განვითარებაც. 2017 წელს საქართველო მოინახულა 7,9 მილიონმა ვიზიტორმა.

უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზარზე შეიმჩნევა მომხმარებელთა (რესტორნები, საცალო სავაჭრო ფირმები) კონკურენტული გავლენა. მომხმარებელი კარნახობს მიწოდების პირობებს, ფასებს და სხვა.

საქართველოში დამზადებული უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები 16 ქვეყნაში ექსპორტირდება. ექსპორტის მოცულობას არასტაბილური ხასიათი აქვს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4,1-5,8%-ს შეადგენს. 2013-2017 წლების მონაცემებით, მინერალური წყლების 47,6% ექსპორტირდება რუსეთში. მაგრამ ეს ექსპორტი ყოველთვის დაუბრკოლებლად არ მიმდინარეობს. მოვიგონოთ იძულებითი ზომები − რუსეთის მხრივ ემბარგო, რომელიც ჩვენ ექსპორტს დაადვეს. უალკოჰოლო სასმელები ექსპორტირდება დსთ ქვეყნებში, აშშ-ში, იაპონიის, საბერძნეთის, ისრაელის, ავსტრიის, დიდი პრიტანეთის, ირანის, ირლანდიის ბაზრებზე. სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება ჩინეთი, ბალტიისპირეთის და მცირე აზიის ქვეყნები.

ცხრილ 3-ში მოცემულია უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ექსპორტ-იმპორტის დინამიკა საქართველოში. ექსპორტი − 103424,13 ათასი აშშ დოლარი აღემატება იმპორტს (2017 წლის მონაცემებით.)  

ცხრილი 3

საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და

მინერალური წყლების ექსპორტ-იმპორტი

2013-2017 წლებში[3]

 

წელი

ექსპორტი

იმპორტი

ათ. აშშ დოლარი

ათასი ლიტრი

ათ. აშშ დოლარი

ათასი ლიტრი

2013

124192,3

154374,4

21821,2

19830,8

2014

165502,1

194561,4

24542,4

21347,5

2015

100678,8

131665,3

21247,6

21967,2

       2016

91198,8

136532,5

18780,8

21508,4

       2017

113135,7

174549,1

18922

22636,7

  2017 წელს ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4

მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების

ექსპორტი ქვეყნების მიხედვით 2017 წელს[4] 

 

ქვეყანა

ათასი აშშ დოლარი

ათასი ლიტრი

მინერალური და

მტკნარი წყლები

რუსეთი

45597,9

67334,1

უკრაინა

16650,9

30351,0

ლიტვა

12631,4

19706,1

ბელორუსი

7323,1

12406,0

ყაზახეთი

6099,3

7606,6

წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამა­ტების შემცველო­­ბით, ხილის და ბოსტნეულის წვენები

აზერბაიჯანი

6103,5

8571,8*

რუსეთი

5983,3

9164,2

გერმანია

3423,2

3538,1

აშშ

2011,4

1898,9

სომხეთი

1825,9

3727,4

საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზარზე ტკბილი გაზირებული სასმელების ხვედრითი წილი 49.5%-ია, გაზირებული წყლების − 25,5%, წყაროს წყლების − 15,5%, ცივი ჩაის − 2%, ნატურალური წვენების და ნექტრის − 5,5% და სხვა სასმელების − 2%. უალკოჰოლო გაზირებული სასმელების ბაზარზე 49%-ით კოკა-კოლა ლიდერობს, ნატახტარს ათვისებული აქვს ბაზრის მთლიანი  მოცულობის 17%, პეპსიკოს − 12%, ზედაზენს − 6%, კასტელი საქართველოს − 4%. სხვა დანარჩენ ფირმებს მხოლოდ 6%.

მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ, რომ ახალგაზრდა მომხმარებელთა 6% ხშირად მიირთმევს მინერალურ წყალს (ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე), ახალგაზრდა მომხმარებელთა 18% საერთოდ არ მოიხმარს მინერალურ წყალს, 76% კი − იშვიათად სვამს (მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით) მინერალურ წყალს. მინერალური წყლების მოხმარება ასაკთან ერთად იზრდება, 30-55 წლის მომხმარებელთა 43% ხშირად (თითქმის ყოველდღე) მიირთმევს მინერალურ წყალს, 57% კი მინერალურ წყალს სვამს იშვიათად, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. ხანშიშესულ მომხმარებლებში მინერალური წყლების მოხმარების სიხშირე უფრო იზრდება. ყველა მომხმარებელი ერთგულია საქართველოში ჩამოსხმული მინერალური წყლის.

უალკოჰოლო  სასმელების მოხმარებას სეზონური ხასიათი აქვს. მაისსა და სექტემბერში უალკოჰოლო სასმელების მოხმარება ინტენსიური ხდება.  ახალგაზრდა მომხმარებელთა 12% არ სვამს უალკოჰოლო სასმელებს, 64 % კი მიირთმევს მხოლოდ კოკა-კოლას, რადგან მათ მოსწონთ კოკა-კოლას გემო და თვლიან, რომ მისი მიღება პრესტიჟულია. კოკა-კოლას ერთგულ მომხმარებელთა 14% ყოველდღე ერთჯერადად სვამს 1-2 ლიტრამდე კოკა-კოლას, დანარჩენები კი უფრო იშვიათად, კვირაში რამდენჯერმე მიირთმევენ ამ უალკოჰოლო სასმელს და ერთჯერადად სვამენ 0,5-1 ლიტრამდე. მომხმარებელთა ეს სეგმენტი იშვიათად მიირთმევს ლიმონათს. ახალგაზრდების 24% უპირატესობას ანიჭებს ქართულ ლიმონათს, მიირთმევენ სადღესასწაულო შეხვედრების დროს, ერთჯერადად სვამენ 0,5-1 ლიტრამდე. ისინი თვლიან, რომ ხილის ვეჟინებით დამზადებული უალკოჰოლო სასმელი უფრო სასარგებლოა, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერებებს. 30-35 წლის ასაკის მომხმარებლებში უალკოჰოლო სასმელების მოხმარება მცირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უალკოჰოლო სასმელს მხოლოდ სადღესასწალო შეხვედრების დროს სვამენ (მომხმარებელთა 60%). ხანშიშესული მომხმარებლები ერიდებიან უალკოჰოლო გაზირებული სასმელების მიღებას.       ყველა მომხმარებელი აღნიშნავს, რომ საცალო ქსელში უალკოჰოლო სასმელების არჩევანი ფართოა.

ქართულ უალკოჰოლო სასმელებს და მინერალურ წყლებს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება მკაცრ, კონკურენტულ გარემოში უწევს, ბაზარი გაჯერებულია ტრანსეროვნული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით. საერთაშორისო ბაზრების ათვისებას კი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზრის გამოკვლევის საფუძველზე საჭიროდ მიგვაჩნია განხორციელდეს შემდეგი:

− უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში გამოყენებული იყოს მხოლოდ ხილის და კენკრის ნახევარფაბრიკატები (ვეჟინები). ნატურალური მასალებით საგებლობა ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად;

− საქართველოში შეიქმნას მინის ტარის მწარმოებელი ფირმა, რადგან ქვეყანაში არსებული ერთადერთი საწარმო ვერ აკმაყოფილებს ბოთლებზე გაზრდილ მოთხოვნას;

− მოხდეს უალკოჰოლო სასმელების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;

− აღდგენილი და უფრო განვითარდეს უნიკალური „ლაღიძის წყლები“, „ყაზბეგი“, „საირმე“, ბორჯომი“, „ლიკანი“;

− უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების რეკლამა იყოს უფრო დეტალიზებული და სისტემატურად იყოს გამოყენებული  გასაღების სტიმულირების საშუალებები: საპრიზო გათამაშება, სადღესასწაულო და მიმდინარე ფასდაკლებები, საცალო სავაჭრო ობიექტებში გაფართოვდეს უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, წარმოდგენილი იყოს ყველა ლიდერი კომპანიის პროდუქცია;

− მოწესრიგდეს საზოგადოებასთან ურთიერთობები, პრესაში, ინტერნეტში გამოქვეყნდეს სტატიები, ტელევიზიაში მოეწყოს თემატური გადაცემები, რომლებიც საზოგადოებას უკეთ გააცნობს ქართული ლიმონათის და მინერალური წყლების ღირსებებს;

− გამოიკვლიონ მიზნობრივი საერთაშორისო ბაზრები (ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია). შემუშავდეს დივერსიფიკაციის სტრატეგია ახალ ბაზრებზე, ითანამშრომლონ საერთაშორისო სტრატეგიულ ალიანსებთან. შეიქმნას პროდუქციის წინ წაწევის ოპტიმალური სისტემა, მომხმარებელს პროდუქცია მიეწოდოს უმოკლეს დროში.

დასკვნა. შედეგებმა ცხადყო, რომ, მიუხედავად სიძნელეებისა, უალკოჰოლო სასმელებმა და მინერალურმა წყლებმა აითვისეს საერთაშორისო ბაზრები, პროდუქცია კონკურენტუნარიანია და აქვს სერიოზული წარმატებები. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. საერთაშორისო მარკეტინგი გ. შუბლაძის რედაქტორობით. თბილისი, 2012, გვ. 128-163.
  2. საერთაშორისო მარკეტინგი გ. შუბლაძის რედაქტორობით. თბილისი, 2012 წ.გვ. 142-162.
  3. მარკეტინგის საფუძვლები. ვ. კოტლერი, გ. ამსტრონგი, მე-14 გამოცემა. თარგმანი ინგლისურიდან. თბილისი, 2015. გვ. 292-325.
  4. მ. თოფჩიშვილი. უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბიზნესის განვითარების სტრატეგია საქართველოში. ავტორეფერატი. თბილისი, 2016.
  5. https/www. ragio tavisufleba/ge;
  6. www. geostat. ge


[1] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე;

* 2017 წლის მონაცემები არის წინასწარი. 

[2] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე;

* 2017 წლის მონაცემები არის წინასწარი. 

[3] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე.

[4] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე.

* ტონა